English / ქართული / русский /
ხათუნა ხადური
სპეციალური ეკონომიკური ზონების განვითარების პერსპექტივები კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში

ანოტაცია. COVID-19-ის პანდემიამ გლობალური მასშტაბის კრიზისი გამოიწვია როგორც საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში, ისე მსოფლიოს ეკონომიკის ყველა სექტორში. მთელი მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რომელთა დაძლევაც მოითხოვდა რისკების ძირეულ შეფასებას და ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად. კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გავლენის ქვეშ მოექცა სპეციალური ეკონომიკური ზონებიც (სეზ), რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. წინამდებარე მოხსენებაში განხილულია მსოფლიოს სპეციალური ეკონომიკური ზონების წინაშე მდგარი გამოწვევები და შექმნილი სირთულეების დასაძლევად შემუშავებული მექანიზმები, რომლებმაც ხელი შეუწყო სეზ-ის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას და მათ განვითარებას. მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე, საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, კერძოდ, ფოთისა და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტიული ზონების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

საკვანძო სიტყვები: COVID-19 პანდემია; სპეციალური ეკონომიკური ზონები; ეკონომიკური კრიზისები; ციფრული ინფრასტრუქტურა. 

შესავალი 

2020 წლიდან  გლობალური მასშტაბით გავრცელებულმა კოვიდ-19-ის პანდემიამ (COVID-19)მოიცვა არა მარტო ჯანმრთელობის სფერო და გაანადგურა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, არამედ დიდი დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკის ყველა სექტორს. შემცირდა სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადები, დაირღვა გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვი, შემცირდა სამრეწველო პროდუქციის, სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის მოცულობა. პანდემიამ ფინანსური სირთულეები შეუქმნა როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებს. ჩაიკეტა არა მარტო საერთაშორისო მიმოსვლები, არამედ იზოლირებული აღმოჩნდა მოსახლეობა გარე  სამყაროსგან. პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა ბიზნესს  და სასაქონლო წარმოებას. დახურვის რისკის ქვეშ აღმოჩნდა კომპანიების უმეტესობა, სამუშაოსა და შემოსავლების გარეშე დარჩა ადამიანთა დიდი ნაწილი.

 ცხადია, კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გავლენის ქვეშ მოექცა სპეციალური ეკონომიკური ზონებიც, რომლებიც წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის,  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის, ექსპორტის დივერსიფიკაციის, ინოვაციური ტექნოლოგიების ტრანსფერისა და დასაქმების გაზრდის ეფექტურ ინსტრუმენტს. ამდენად, დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქვეყნისთვის სეზ-ის გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებას. სეზ-ში საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება   სეზ-ის მდგრადობას გარე კრიზისების და შოკური სიტუაციების მიმართებით, ასევე მისი პოლიტიკის მოქნილობას,  სწრაფად მოახდინოს  რისკების შეფასება და მიიღოს ადეკვატური ზომები.  სეზ-ის განვითარების ისტორიაში დღეისათვის კოვიდპანდემია წარმოადგენს უდიდეს გამოწვევას. დღის წესრიგში დადგა ისეთი სტრატეგიული მექანიზმების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა სირთულეების გადალახვას, სეზ-ის უწყვეტ ოპერირებას, საინვესტიციო პროექტების შეუფერხებელ განხორციელებას და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს. 

* * *

  ბოლო ათწლეულების განმავლობაში სეზ-ი ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში.  2019 წლის მონაცემებით 5000-ზე მეტი სეზ-ი შეიქმნა 140-ზე მეტ ქვეყანაში  როგორც განვითარებადი, ისე გარდამავალი ეკონომიკით. სეზ წარმოადგენს ქვეყნის შიგნით შექმნილ გამოცალკავებულ გეოგრაფიულ არეალს, სადაც მოქმედებს ქვეყნის დანარჩენი ნაწილისაგან განსხვავებული ლიბერალური ეკონომიკური კანონები და საშეღავათო-წამახალისებელი პაკეტები უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.   მის ეფექტურ ფუნქციონირებას განაპირობებს სეზ-ში შექმნილი მიმზიდველი საინვესტიციო გარემო; სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა განვითარებული ინფრასტრუქტურით; ადგილობრივი და რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტები, სეზ-ის მენეჯმენტი  და განვითარების სტრატეგია. აგრეთვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის ინტეგრირებას რეგიონულ ეკონომიკაში და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში. 

კოვიდპანდემიამ გლობალური მასშტაბით დიდი ზარალი მიაყენა ეკონომიკას, მათ შორის სირთულეები შეუქმნა სეზ-საც. თავისუფალ ზონებში ეკონომიკურ აქტივობებზე კომპანიების საქმიანობაზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორისაა: COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ შემოღებული სამთავრობო რეგულაციები; გლობალურ ღირებულებათა  ჯაჭვების რღვევა და ტვირთბრუნვის შეფერხება; ნედლეულის ნაკადების არათანმიმდევრული მიღება; საზღვრების დახურვა და საექსპორტო ტვირთების შეზღუდვა;  სეზ-ში ოპერირებადი კომპანიების დახურვა ან შეჩერება და მრავალი სხვა.

სპეციალური ეკონომიკური ზონების სიცოცხლიუნარიანობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი გახდა ისეთი სტრატეგიული მექანიზმების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა სირთულეების გადალახვას, სეზ-ის უწყვეტ ოპერირებას და საინვესტიციო პროექტების შეუფერხებელ განხორციელებას.

ზოგადად, გლობალური მდგრადი განვითარების დღის წესრიგი, ასევე,   ტექნოლოგიური რევოლუციები  და ციფრული ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს სპეციალურ ეკონომიკურ ზონებს. ამას დაემატა ისიც, რომ კოვიდ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური ზემოქმედების შესარბილებლად აუცილებელი გახდა სეზ-ის განვითარების სტრატეგიის კორექტირება და მისი პოლიტიკის ძირეული გადახედვა.

შეიძლება ითქვას, რომ შექმნილმა ვითარებამ დააჩქარა სეზ-ის  მოდერნიზაცია, რაც გულისხმობს უახლესი  ციფრული ინფრასტუქტურის განვითარებას და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას მომსახურების ყველა მიმართულებით. მათ შორის: რეგისტრაცია და ლიცენზირება ერთი ფანჯრის პრინციპით,  პრინციპით;  საბაჟო ოპერაციების ავტომატიზება; ელექტრონული ერთი შესვლის პრინციპით  სტანდარტიზებული ინფორმაციის მიწოდება კომპანიებისათვის; იმპორტთან, ექსპორტთან და ტრანზიტთან დაკავშირებული პროცედურების გაციფრულება.

COVID-19-ის     პანდემიის  ფონზე სეზ-მა მოახერხა გრძელვადიანი სტრატეგიების გადახედვა,  ახალი შესაძლებლობების გამოყენებით  პანდემიის შედეგების შერბილება და ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელება. მსოფლიოს თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონებმა სხვადასხვა ზომებს მიმართეს პანდემიის უარყოფითი შედეგების წინააღმდეგ. მათ შორის: შეიმუშავეს ახალი საშეღავათო  პაკეტები კომპანიების მხარდასაჭერად; გაუწიეს უფასო საკონსულტაციო მომსახურება  კომპანიებს; გადაამზადეს თანამშრომლები ციფრულ ტექნოლოგიებთან სამუშაოდ; ხელი შეუწყეს კომპანიებს ახალ ბაზრებზე გასვლაში და მოახდინეს ზონის შიგნით ბიზნესის დივერსიფიკაცია;  დანერგეს ინოვაციური ეფექტური ტექნოლოგიები; პანდემიის ფონზე დიდი ძალისხმევის შედეგად მოიზიდეს  ახალი ინვესტიციები.

COVID-19-ის    პანდემიის დაწყების შემდეგ, კლაიპედასთავისუფალმა ეკონომიკურმა ზონამ (ლიტვა) სრულად გააციფრულა თავისი სერვისები, რამაც უზრუნველყო თანმიმდევრული კომუნიკაციები თავის ინვესტორებთან. 2020 წელს კლაიპედა გახდა პირველი ინდუსტრიული ტერიტორია ლიეტუვაში, რომელიც სრულად დაიფარა 5G კავშირით.

Liepaja-ს  (ლატვია)  სპეციალური ეკონომიკური ზონის მოიჯარეებმა პანდემიის ფონზე მოახერხეს ახალ ბაზრებზე გასვლა და ინვესტიციების გაგრძელება ახალ საწარმოო ობიექტებში. კომპანიები რისკის თავიდან აცილების მიზნით ზრდიან ნედლეულის მარაგის მოცულობას.   შეიქმნა სერტიფიცირებული რესპირატორისა და სახის ნიღბების კომპანია Baltic Masks 80 სამუშაო ადგილით. კოვიდის მიუხედავად 2020 წელს ხელფასები 28%-ით გაიზარდა ლატვიის დანარჩენ ნაწილთან შედარებით, სამუშაო ადგილების რაოდენობა –  4,8%-ით, წარმოების მოცულობა  – 8,9%-ით.

ლოძისსპეციალურმა ეკონომიკურმა ზონამ (პოლონეთი) გაუწია მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა ადგილობრივ საზოგადოებას და სააავადმყოფოებს. ასევე, შეიქმნა დამხმარე ხაზი ადგილობრივი კომპანიებისათვის კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეების გადასალახად. პანდემიის მიუხედავად ლოძის სეზ-მა შეძლო 38 ახალი საინვესტიციო პროექტის მოზიდვა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში დაფუძნებული კომპანიებისგან. მათ შორისაა: შვეიცარიაში დაფუძნებული თვალის კომპანიის Alconi-ის 19 მლნ. ევროს ინვესტიცია კომპეტენციის გლობალურ ცენტრში 400 სამუშაო ადგილით, საფრანგეთის აგროსაკვების კომპანიის LDC GROUP-ის ნაწილმა   Roldrob-მა გამოაცხადა 16 მლნ ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელების გეგმები 1400-ზე მეტი სამუშაო ადგილით, გერმანიაში დაფუძნებულმა დეკორის პრინტერმა Interprint  მოახდინა 15 მლნ. ევროს ინვესტიცია. Naomi Davies, 2021.

კვლევებმა აჩვენა, რომ სეზ-მა, რომლებიც ფლობენ ციფრულ ინფრასტრუქტურას და აქვთ ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება, უფრო ოპერატიულად და ეფექტურად შეძლეს ადაბტრირება  კოვიდით გამოწვეულ შეფერხებებზე.

შანხაის ვაიგაოკიაოს(Waigaoqiao) თავისუფალმა სავაჭრო ზონამ (ჩინეთი) სწრაფად მოახდინა რეაგირება და უზრუნველყო მოიჯარეები და თანამშრომლები უსაფრთხო მუშაობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით. პანდემიის დროს  მცირე და საშუალო ბიზნესებს შეუმცირა იჯარის გადასახადი და ასევე აღმოუჩინა ფინანსური მხარდაჭერა. 2020 წლის მდგომარეობით ზონაში მოქმედი კომპანიების 98,96%-მა განაახლა მუშაობა  და 106-მა მსხვილმა კომპანიამ განაახლა წარმოება. გარდა ამისა, ზონამ  შეიმუშავა სტრატეგიული პროგრამა, რომელიც ეხმარება საწარმოებს გახდნენ გლობალური დონის ოპერატორები და მონაწილეობა მიიღონ ვაჭრობაში, ინვესტიციებში, დისტრიბუციასა და განვითარებაში. 2021 წლის ბოლოსთვის, ზონის მონაცემებით, 118 მრავალეროვნულ კორპორაციას ჰქონდა თავისი რეგიონული შტაბი თავისუფალ სავაჭრო ზონაში.

ჩინეთის დალიანის (Dalian) თავისუფალი სავაჭრო ზონა გახდა პეკინის ,,ორმაგი მიმოქცევის სტრატეგიის ინსტრუმენტი, რომლის მიზანია ინდუსტრიული წარმოების გადაადგილება შიდა ბაზრისკენ.

პოლონეთის კატოვიცის (Katowice) სპეციალურმა ეკონომიკურმა ზონამ ხელი შეუწყო ადგილობრივ კომპანიებს განვითარებაში ისეთი ინიციატივების მიწოდებით, რომელთა მიზანია კომპანიების მომზადება ციფრული ტრანსფორმაციისთვის. პანდემიის დროს მეწარმეების მხარდაჭერის სქემა მოიცავდა უფასო იურიდიულ, საგადასახადო და ფინანსურ კონსულტაციებს. პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის დასაწყისიდან ზონამ შეძლო საინვესტივიო პროექტების, 98 მოიჯარისა და 20 სტარტაპერის მოზიდვა, საერთო ჯამში 2,18 მილიარდი ევროს ინვესტიციით.

პოლონეთის ლოძისსეზ-მა, რომელმაც მეწარმეობის განვითარება და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა განვითარების სტრატეგიის  მამოძრავებელ ძალად აქცია. პანდემიის დროს  დააჩქარა 80 სტარტაპი და გაუწია მათ არა მარტო ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ზედამხედველობდა მათ თანამშრომლობას მსხვილ კომპანიებთან და საქმიან პარტნიორებთან სხვადასხვა სექტორებიდან. მათ შორის: გადასახადები, იურიდიული, კიბერუსაფრთხოება, დისტანციური განათლება და ადამიანური რესურსები.  ლოძის ზონა გამოირჩევა იმითაც, რომ მან მოახდინა განვითარების სტრატეგიის კორექტირება და კონცენტრირდა 5G ინფრასტრუქტურის დანერგვაზე, თანამშრომლების გადამზადებაზე ახალ ტექნოლოგიებთან სამუშაოდ და ზონაში მიმდინარე პროცესების გაციფრულებაზე.

ინდოეთის ოკეანის ერთ-ერთმა უდიდესმა მავრიკიის თავისუფალმა პორტმა კომპანიების მხარდასაჭერად კომპანიებს  შესთავაზა მოკლევადიანი მხარდაჭერა ექსპორტის დაზღვევის სქემის საშუალებით და სასაწყობო პერიოდის გახანგრძლივება 36 თვემდე. გარდა ამისა, ადგილობრივ კომპანიებს მისცა ბიზნესშესაძლებლობები ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სექტორში, რამაც ხელი შეუწყო ბიზნესის დივერსიფიკაციას. შეიმუშავა ციფრული პლატფორმა ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან დისტანციურად კავშირისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელთა წლიური ბრუნვა 1,5 მლნ დოლარამდეა, საპროცენტო განაკვეთი შეუმცირეს 3,9%-დან 2,5%-მდე [Jacopo Dettoni . 2021].

კოვიდვითარებიდან გამომდინარე, სეზ-ის უმეტესობამ დიდი ძალისხმევა მიმართა სეზ-ის მომსახურებაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისკენ. საერთო იზოლაციამ გამოიწვია დისტანციურ რეჟიმზე ინტენსიური გადასვლა და ინვესტორებთან ონლაინ მოლაპარაკებების წარმოება, ამავე დროს, მოიჯარე კომპანიებისთვის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და ელექტრონული წვდომის უზრუნველყოფა სასურველ დოკუმენტაციაზე. ამდენად,   წამახალისებელ პაკეტში საჭირო გახდა არატრადიციული შეთავაზების ჩამატება. კერძოდ:  მოდერნიზებული ციფრული ინფრასტრუქტურა; ციფრული ნდობა და უსაფრთხოება; ელექტრონული ვაჭრობა და სხვა. თუმცა უარყოფითი გავლენების სიღრმე განსხვავდება ქვეყნებისა და სეზ-ის მიხედვით იქიდან გამომდინარე, თუ  რამდენად  ეფექტურია, ერთი  მხრივ, მთავრომის მიერ შემუშავებული ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებები  და,  მეორე მხრივ, სეზ-ის ახალი სტრატეგიული მექანიზმები  სეზ-ში მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.  ზარალის შესამცირებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო სტრუქტურებსა და სეზ-ის ადმინისტრაციას შორის კოორდინირებულ  მოქმედებას, რომელიც მოიცავს კოვიდის შემაკავებელი ინსტრუქტაჟის მიწოდებას სეზ-ში მიმდინარე ლოგისტიკური ოპერაციებისა და ტვირთების მოძრაობის  უსაფრთხოდ საწარმოებლად.

თავისუფალ ზონებში ეკონომიკურ აქტივობებზე კორონავირუსის ზეგავლენის შესაფასებლად მრავალი კვლევა ჩატარდა. განვიხილავ მათ შორის ერთ-ერთ კვლევას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 41 ქვეყნის 80-ზე მეტმა თავისუფალმა ზონამ. 

აღნიშნული კვლევის თანახმად, მსოფლიოს რეგიონებში, თავისუფალი ზონების 77%-დან 91 %-მდე აცხადებს წარმოების შეზღუდვებს ვირუსის შეკავების ზომების გამო. ამ არხის მეშვეობით დაზარალებული თავისუფალი ზონების წილი ყველაზე მაღალია ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში და ყველაზე დაბალი –  ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. გლობალური მოთხოვნის შემცირების გამო ბიზნესის დაკარგვა ყველაზე მაღალია აზიაში (79%), რასაც მოჰყვება ლათინური ამერიკა (72%), ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა (62%), აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი (55%). ლათინური ამერიკის გარდა, ყველა რეგიონში თავისუფალი ზონები დაზარალდა  ანალოგიურად მიწოდების და ფინანსური არხის მეშვეობით. ამრიგად, თავისუფალი ზონების 65%-დან 73%-მდე აცხადებს, რომ წარმოების პრობლემები ექმნებათ მიწოდების ჯაჭვის შეფერხების გამო ფინანსური გარემოს გაუარესების შედეგად [Gern, 2020.].

COVID-19-ის    პანდემიამ რადიკალურად შეცვალა გლობალური ეკონომიკა და გამონაკლისი არც სეზ-ია, თუმცა მიუხედავად სირთულეებისა სეზ-ის დიდმა ნაწილმა გამოამჟღავნა  გამძლეობა  და კრიზისების დაძლევის უნარი.

მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ, თავისთავად საქართველოს თიზ-საც შეუქმნა პრობლემები  და სხვადასხვა მიმართებით მოახდინა ნეგატიური ზემოქმედება თიზ-ის გამართულ მუშაობაზე. მათ შორის: შეიზღუდა ტვირთების მოძრაობა, შეფერხდა თიზ-ში კომპანიების მუშაობა, ტექნიკურად რთული გახდა დისტანციურ რეჟიმში რეგისტრირებული კომპანიების მომსახურება და ახალი კომპანიების რეგისტრაცია.და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მათი სრულყოფილი მუშაობის შესაძლებლობის საკითხი. ისინი, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა სეზ, აღმოჩდნენ ახალი გამოწვევების წინაშე, რომელთა დაძლევა თიზ-გან მოითხოვდა რისკების შეფასებას და კრიზისული გეგმის შემუშავებას. თიზ-ის უწყვეტ რეჟიმში ოპერირებისთვის მნიშვნელოვანი გახდა ერთი მხრივ თიზ-ის მოიჯარე კომპანიების შენარჩუნება და მათი მხარდაჭერა, მეორე მხრივ, მიმდინარე საინვესტიციო პროექტების გაგრძელება და ამასთანავე, ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

COVID-19-ის პანდემიამ სხვადასხვა მიმართულებით მოახდინა ნეგატიური ზემოქმედება საქართველოს  თიზ-ის გამართულ მუშაობაზე. იმისათვის, რომ გაგვეგო რა გამოწვევების წინაშე დგანან საქართველოს თიზ-ბი და რა ზომების შეიმუშავეს თიზ-მა  მათი გადალახვის  მიზნით, შევისწავლეთ ფოთის და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები. ისევე როგორც მსოფლიოს სხვა თიზ-ში, აღნიშნულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებშიც შეფერხდა ტვირთბრუნვა, შეიზღუდა  თიზ-ში ოპერირებადი კომპანიების მუშაობა. პრობლემები შექმნა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ. ტექნიკურად რთული გახდა რეგისტრირებული კომპანიების მომსახურება და ახალი კომპანიების დარეგისტრირება.

ზოგადად, სეზ-ის წარმატების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა. ამდენად, სპეციალური ეკონომიკური ზონების განსახორციელებლად უპირატესობა ენიჭება პორტებთან და სატრანსპორტო მაგისტრალებთან ახლოს მდებარე ტერიტორიებს. სწორედ, ასეთი გამორჩეული  სტრატეგიული ლოგისტიკური მდებარეობა გააჩნია ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას. ფოთის პორტთან და სარკინიგზო მაგისტრალთან კავშირი, თიზ-ში შექმნილი ინფრასტრუქტურა, სწრაფი და მარტივი ადმინისტრაციული ოპერაციები, თავისუფალი საგადასახადო სივრცე, დსთ-ს, ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებთან წვდომის შესაძლებლობები  მიმზიდველს ხდის ფოთის თიზ-ს უცხოელი ინვესტორებისთვის  და ზრდის მის კონკურენტუნარიანობას.

ფოთის თიზ-ის ოპერატიული და ეფექტური  რეაგირების შედეგად მოხდა დასაქმებულებისათვის  უსაფრთხო  სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, შეიქმნა ერთიანი ინფორმაციული ბაზა, მოხდა ადმინისტრაციული მომსახურების გაციფრულება,  შემუშავდა ინოვაციური ,,ერთი ფანჯრის სისტემის სივრცე თითოეული რეგისტრირებული კომპანიისათვის. ეს საშუალებას აძლევს კომპანიებს დისტანციურად თავისი უნიკალური კოდით შევიდეს სისტემაში და მიიღოს სასურველი ინფორმაცია. ყოველივე ამან  განაპირობა თიზ-ის უწყვეტი ოპერირება, მომსახურების, ინფრასტრუქტური საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და განვითარება.

პანდემიის პერიოდში პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად თიზ-მა გადადგა ეფექტური ნაბიჯები. მათ შორის: 2020 წლის მარტში შემუშავდა სპეციფიკურ დარგებზე და კონკრეტულ რეგიონებზე გათვლილი პოსტპანდემიური სტრატეგია, მომზადდა  კომერციული შეთავაზებები მწარმოებელი და სავაჭრო კომპანიებისთვის. პანდემიის მიუხედავად წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები მწარმოებელ კომპანიებთან. 2020 წელს ფუნქციონირება დაიწყო თხილის გადამამუშავებელმა საწარმომ. 2021 წელს გაიხსნა ორი ტექსტილის საწარმო ერთი პოლონური, მეორე უკრაინული ინვესტიციებით. შესაბამისად ექსპორტს ახორციელებენ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებში. ჯამში დასაქმებულია 70 ადგილობრივი მოქალაქე. 2020-ში დასრულდა საწარმოო შენობის დამონტაჟება მიკროსქემების მწარმოებელმა კომპანიამ, თუმცა პანდემიის გამო შეფერხდა თანამშრომლების გადამზადება.

ფოთის თიზ-ი ძირითადად პოზიციონირებს საშუალო და მცირე ბიზნესის პროექტებზე 30 მლნ ლარამდე მოცულობის ინვესტიციით. თუმცა, როგორც თამარ სახეიშვილი აღნიშნავს, თიზ-ი მზად არის მიიზიდოს მსხვილი ინვესტიციებიც.

ჰუალინგისთავისუფალი ინდუსტრიული ზონა აგრძელებს თავისი მოიჯარეების მხარდაჭერას რეგისტრაციის შემდგომ პერიოდშიც. კომპანიებს ეხმარება ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში, სთავაზობს მათ ფინანსურ, იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებას, ფონდების მოზიდვის კონსულტაციას, აღჭურვილობის შეძენის მხარდაჭერას და რჩევებს მთავრობასთან ურთიერთობაზე. გარდა ამისა, ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ პანდემიის დროს მოიჯარეების მხარდასაჭერად შემოიტანა სხვადასხვა წამახალისებელი პაკეტი, რომელშიც შედის: 15-50%-იანი ფასდაკლება მთლიანი განახლების პაკეტებზე, საიჯარო ქირის  რესტრუქტურიზაცია და უფასო სერვისები. ზონამ ასევე შესთავაზა კომპანიებს ინდივიდუალური შეღავათები წარმოების დაჩქარებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიების მხარდასაჭერად.

როგორც ჩანს, ფოთისა და ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონებმა შეძლეს პანდემიურ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება და არა მარტო გადალახეს მათ წინაშე მდგარი გამოწვევები, არამედ შეინარჩუნეს უწყვეტი ოპერირება და დასახეს პოსტპანდემიური განვითარების  გრძელვადიანი სტრატეგიებიც. 

დასკვნა

COVID-19-ის    პანდემიამ რადიკალურად შეცვალა გლობალური ეკონომიკა და გამონაკლისი არც სეზ-ია, თუმცა მიუხედავად სირთულეებისა სეზ-ის დიდმა ნაწილმა გამოამჟღავნა  გამძლეობა  და კრიზისების დაძლევის უნარი.

COVID-19-ის   პანდემიის შედეგად მდგარ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია თავისუფალი ეკონომიკური ზონების გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვის შეფერხება. პრობლემის გადასაჭრელად სეზ-ის მოიჯარე კომპანიებმა უნდა მოახდინონ მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია, რეგიონულ  ბიზნესთან სამეწარმეო კავშირების განმტკიცება. ეს საშუალებას მისცემს სეზ-ს გააფართოონ სავაჭრო სივრცე და მოიზიდონ ახალი საინვესტიციო პროექტები.

კოვიდპანდემიის ნეგატიური ზემოქმედებისგან დასაცავად და რისკების შესამცირებლად საჭიროა სეზ-ის განვითარების სტრატეგიის კორექტირება და  მოქმედ საშეღავათო-წამახალისებელ პაკეტებში შესაბამისი შეთავაზებების დამატება. მათ შორისაა მოდერნიზებული ციფრული ინფრასტრუქტურა; ციფრული ნდობა და უსაფრთხოება; ელექტრონული ვაჭრობა და სხვა.

მოკლედ, სეზ-ის მომავალი როლი შეიცვალა კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისის შედეგად. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის შემქმნელებმა მოამზადონ პოსტკრიზისული ზომები და შექმნან მიმზიდველი პირობები ბიზნესისა და ახალი ინვესტიციების მხარდასაჭერად. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Naomi Davies ,2021.Economic Zone Sustainable Recovery Strategies Awards 2021-The results. INVESTMENT MONITOR) https://www.investmentmonitor.ai/investment-monitor-events/economic-zone-sustainable-recovery-strategies-awards-2021
  2. Jacopo Dettoni .Global Free Zones of the Year 2021-The winners.  Special Rreports. Intelligence October/Nivember 2021,
  3. Gern, Klaus-Jürgen & Mösle, Saskia, 2020. "The impact of the COVID-19 pandemic on the global economy: Survey-based evidence from free zones," Kiel Policy Brief 139, Kiel Institute for the World Economy (IfW Kiel).
  4. Douglas Z Zeng  2021  The Past, Present, and Future of Special Economic Zones and Their Impact journal of International Economic Law, 2021, 00, 1–17
  5. World Investment Report 2019 - Special Economic Zones (unctad.org)